ყაზახეთი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 20 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს
ყაზახეთი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის წელიწადში 20 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ცენტრალური აზია-კორეის რესპუბლიკის პირველ სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ცენტრალური აზიის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლის, როლი იზრდება.
მისივე განცხადებით, ყაზახეთი მიზნად ისახავს, ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების საერთო მოცულობა წელიწადში 100 მილიონ ტონამდე გაზარდოს. ამ კონტექსტში, ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შუა დერეფნის, იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, განვითარებას.
„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვის მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. უახლოეს მომავალში მისი გამტარუნარიანობის წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზრდას ვგეგმავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შუა დერეფნის ინტეგრირება შესაძლებელია TRIPP-ის სატრანსპორტო ინიციატივასთან, რომელსაც ასევე „ტრამპის მარშრუტის“ სახელით მოიხსენიებენ.
მან აღნიშნული მარშრუტების პოტენციალის გაერთიანება და სამხრეთ კორეას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის უწყვეტი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვის შექმნა შესთავაზა.
შუა დერეფანი ჩინეთს ევროპულ ქვეყნებთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.
ყაზახური მხარის ინფორმაციით, 2025 წელს მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 62%-ით გაიზარდა, ხოლო კონტეინერების გადაზიდვა 2.7-ჯერ, 56 500 კონტეინერამდე, გაიზარდა.
ამჟამად შუა დერეფნის გამტარუნარიანობა დაახლოებით 6 მილიონ ტონა ტვირთსა და წელიწადში 182 000-მდე კონტეინერს შეადგენს. ყაზახეთი 2030 წლისთვის აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს.
სხვა სიახლეები
ადგილობრივი გენერაცია იზრდება - ახალი ქარის, მზისა და ჰიდრო სადგურები შენდება | დავით ნარმანია
18.09.2026.10:25
ადგილობრივი გენერაცია იზრდება - ახალი ქარის, მზისა და ჰიდრო სადგურები შენდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში წლიდან წლამდე ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება - როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ გაზზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და, ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, ენერგიაზე მოთხოვნაც იზრდება. ასევე, ცხოვრების დონის გაუმჯობესება განაპირობებს იმას, რომ ესეც არის საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე ელექტროენერგიაზე.
წლევანდელი წელი წინა წლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ უფრო წყალუხვი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი იყო. ინტენსიურად მოსულმა ნალექებმა გამოიწვია ის, რომ ელექტროენერგიისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რესურსი, რასაც ჰიდრო რესურსი ჰქვია, ჭარბად გვქონდა. ადგილზე მოხმარება, რაც იყო, სრულად კმაყოფილდებოდა ადგილობრივი გენერაციით ძირითადად, ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით და ჭარბი წყალიც იყო.
ამიტომაც ბოლომდე მოხდა მარეგულირებელი სადგურების, ანუ რეზერვუარების, შევსება, როგორიც არის, განსაკუთრებით, ენგურჰესის რეზერვუარი, ასევე ჟინვალჰესი და სხვა ჰიდროელექტროსადგურები, რომლებმაც მოახდინეს წყლის დაგროვება. ამის გამომუშავება ეტაპობრივად მოხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, სანამდეც ეს წყალი იქნება საკმარისი.
თუმცა, მაინც არიან სადგურები, რომლებიც მოდინებაზე არიან. ამიტომ მოდინებაზე არსებულ სადგურებს, რომელთაც არ შეუძლიათ წყლის დაგროვება, მათი მხრიდან ხდებოდა წყლის დაღვრა, იმიტომ რომ ექსპორტის შესაძლებლობა არ იყო ამ ეტაპზე. ძალიან დაბალი იყო მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ კომერციულად მომგებიანი არ იყო ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ახალი ენერგეტიკული ობიექტები შენდება. ჩვენ გავეცით, შიდა ქართულში, კასპის ქარის სადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია. ახლა ძალიან დიდი სადგურის, ასევე ქარის სადგურის, მშენებლობა სრულდება და მისი ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ მოხდება ასევე მასზე ლიცენზიის გაცემა, როცა წარმოადგენენ ჩვენთან, დადგენილი წესის მიხედვით, სალიცენზიო განაცხადს.
რამდენიმე საშუალო მზის სადგური შევიდა ასევე ექსპლუატაციაში და მიმდინარეობს ასევე მზის სადგურების მშენებლობა. ჰიდრო მიმართულებითაც რამდენიმე მცირე და საშუალო სადგური შენდება. ამდენად, ადგილობრივი გენერაცია იზრდება.
ეს არის ძირითადად შედეგი იმ პოლიტიკისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ტარდება, როცა მთავრობამ ხელშემწყობი აუქციონის მექანიზმი, ფასთა შორის სხვაობის მექანიზმი, შემოიღო. რაღაც პერიოდის განმავლობაში ხდებოდა პროექტების ინვენტარიზაცია და ამ ინვენტარიზაციის შემდგომ მთავრობამ გააგრძელა მემორანდუმების გაფორმება რეალურ მწვანე ენერგიის პროექტებთან.
რაც ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება მწვანე ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა ქვეყანაში. ამდენად, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით“, - აცხადებს დავით ნარმანია.