ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას" - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.
„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყაზახეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის, არამედ სხვა რეგიონის ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ,მათ შორის, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის - თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში გაშვებას ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის და შუა დერეფნისთვის" - განაცხადა მინისტრმა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826