ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს - მარიამ ქვრივიშვილი
„ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდის თვალსაზრისით.
„ამ შეთანხმების საფუძველზე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი ყაზახეთში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამავდროულად, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ძალიან დადებით, ხელშესახებ შედეგებს იქონიებს ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების, ასევე ინვესტიციების ზრდის კუთხით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826