ხაჭაპური წლიურ ჭრილში თბილისსა და ბათუმში გაძვირდა, ხოლო ქუთაისსა და თელავში გაიაფდა
2023 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5,76 ლარი შეადგინა. როგორც iset-ში განმარტავენ, ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ინდექსი 4.1%-ით შემცირდა (2023 წლის აპრილთან შედარებით). თუმცა წლიურ ჭრილში (2022 წლის მაისთან შედარებით) ისევ აღმავალი ტენდენცია დაფიქსირდა და ინდექსი 1.9%-ით გაიზარდა.
ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში თბილისსა და ბათუმში გაიზარდა, ხოლო ქუთაისსა და თელავში შემცირდა. საშუალო ფასების გათვალისწინებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები მიმდინარედ ყველაზე ძვირი ბათუმში ღირს. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6,43 ლარს შეადგენს, რაც 12%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა თბილისშიც (8.7%-ით). აღსანიშნავია, რომ ხაჭაპური ყველაზე იაფი ქუთაისშია, სადაც ერთი ხაჭაპური 4,81 ლარი ღირს. სხვაობამ, ყველაზე ძვირსა (ბათუმი) და იაფ (ქუთაისი) ლოკაციას შორის დანახარჯების მიხედვით, 1.52 ლარი შეადგინა.
თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს ყველა ქალაქში შემცირდა, ყველაზე დიდი კლება (9.0%) ქუთაისში დაფიქსირდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ინდექსის კლების ტენდენცია ნედლი რძის ტრადიციულ სეზონურ ტენდენციას მიჰყვება. ტრადიციულად ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი საქართველოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826