ხელფასების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში - ვახტანგ ცინცაძე
„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობის ხელფასების ზრდაზე - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, რომელიც 16% ს აჭარბებს და 1855 ლარს შეადგენს, ასევე რეალურ გამოხატულებაში გვაქვს დაახლოებით 15.6 % იანი ზრდა, რაც, ფაქტობრივად, ინფლაციის გამორიცხვით, საშუალოდ ხელფასის ზრდას ნიშნავს" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1,855.4 ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რეალური საშუალო თვიური ხელფასი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 15.6%-ით არის გაზრდილი.
ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნესსექტორში დასაქმებულების ხელფასი, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.1%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 14.4%-ით არის გაზრდილი.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, ხელფასების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.
„მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში და ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც თავისთავად აისახება როგორც ხელფასების ზრდაზე, ასევე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826