ხორბლის და ქერის წარმოება გაიზარდა, სიმინდისა და კარტოფილის შემცირდა - საქსტატი
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ხორბლის წარმოებამ 157.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ქერის წარმოება 0.5 პროცენტით გაიზარდა და 58.4 ათასი ტონა შეადგინა.
სიმინდის წარმოება 149.5 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 35.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
კარტოფილის წარმოება 15.6 პროცენტით შემცირდა და 198.2 ათასი ტონა შეადგინა.
ამასთან, 2022 წლის განმავლობაში წარმოებულია 127.9 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.4 ტონა/ ჰა, სიმინდის - 2.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 11.7 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.0 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 12.7 ტონა/ჰა, კიტრის 13.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.8 ტონა/ჰა, ნივრის 3.7 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 32.2 ტონა ერთ ჰექტარზე.
წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.8 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება.
თუმცა საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა 4.5%-ით და შეადგინაა 67.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2.0%-ით და 144.7 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 76.9 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ხორბლის ნათესი ფართობი 55.5 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.8 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 9.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.4 ათას ჰექტარს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826