„ხუდონჰესის" პროექტი იქნება შეცვლილი სახით ისე, რომ აღარ დაიტბორება არც ტაძარი, არც სოფელი - ირაკლი ღარიბაშვილი
ვმუშაობთ ახლა დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაზე, მათ შორის, იქნება „ხუდონჰესის" პროექტი, ოღონდ ეს იქნება შეცვლილი სახით ისე, რომ აღარ დაიტბორება არც ტაძარი, არც სოფელი და ასე ვთქვათ, მინიმალური ეფექტი ექნება ამას გარემოზე და ზოგადად რეგიონზე.
პირიქით, მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი, „ენგურჰესის" პროექტის შემდეგ, ეს იქნება მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის.
„მოგეხსენებათ, ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა გასხვისებული „ხუდონჰესის" პროექტი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა, გახდა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის. ასევე ვაგრძელებთ მუშაობას „ნენსკრას" განვითარების მიმართულებაზეც. დაგეგმილია 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის იქნება საქართველოში. ახლა აქტიურად ვმუშაობთ განახლებადი ენერგიების ათვისებაზე. დღეს გაფორმებული გვაქვს 245 ხელშეკრულება; პოტენციური ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 3000 მგვტ-ზე მეტი, სავარაუდო გამომუშავება დაახლოებით 13 მლრდ კვტ.სთ. ეს, რა თქმა უნდა, რამოდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა სავალუტო ფონდთან და ჩვენს პარტნიორებთან, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც დაინერგა ახალი სქემა და ე.წ. CFD სქემა, ჩატარდა პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის; გამარჯვებული 27 კომპანია არის გამოვლენილი, ჯამური გამომუშავება შედეგად იქნება 1,100 მლრდ კვტ.სთ და მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826