კობა გვენეტაძე: გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნების მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ბელგიის ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდის ბანკის ორგანიზებით იმართება, ყურადღება მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარე მაკროეკონომიკურ გამოწვევებს, მაღალ ინფლაციას და მზარდი ფინანსური უთანასწორობის თემების განხილვას დაეთმო.
კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე და ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს ინფლაცია გლობალური ეკონომიკის ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაა, მაშინაც კი, თუ ბოლო რამდენიმე თვე სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტის გლობალური ფასების უკეთესობისკენ შებრუნების გამო უფრო იმედისმომცემი იყო.
ამ მოვლენების გამო ცენტრალურ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე სწრაფად გაზრდა მოუხდათ. მათგან მოდიოდა სიგნალი, რომ განაკვეთები უფრო დიდხანს დარჩებოდა მაღალ დონეზე. ჩვენი რწმენით, დღეს ჩვენი ეკონომიკებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების გრძელვადიანი სარგებელი ბევრად აღემატება ეკონომიკური საქმიანობის დროებითი შეზღუდვის მოკლევადიან ხარჯებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კონფერენციაში, რომელიც დახურული დისკუსიის პრინციპით გაიმართა, წელს სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა და ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826