კომერციულად საინტერესოა, პატარა მარკეტში შევიდე, უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, მაგრამ, შევიტანე, დავტოვე პროდუქცია და გაკოტრდა, იმიტომ, რომ გვერდზე, „მოდერნ თრეიდმა“ გააკოტრა - „ბარამბოს“ კომერციული დირექტორი ჯანო კუცია
ათი წლის წინ, ვმუშაობდით დაახლოებით 13 000 ობიექტში, დღეს, უმრავლესობა ჩვენგანი, ვმუშაობთ 3 000 ობიექტში, რატომ? - დიდმა ქსელმა მოგვთხოვა „ქეშბექი“ დიდი გაყიდვების სანაცვლოდ. ჩვენ მივეცით ეს „ქეშბექი“, რაც ამ ქსელებმა ასახეს ფასებზე, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამხელა „ქეშბექები“, კონკურენტუუნარონი გახდნენ, ანუ, ამოვარდნენ ამ სტრატეგიიდან, არავინ დაიცვა, - განაცხადა კომპანია „ბარამბოს“ კომერციულმა დირექტორმა, ჯანო კუციამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, კომპანიის ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ქსელებს, ვინაიდან, პატარა მარკეტები, კონკურენციის პირობებში ძირითადად, გაკოტრდნენ.
„რიგ შემთხვევაში, თვითონ მივიდნენ იმ მაღაზიაში, რომ აიღოთ ეს იაფი პროდუქტი, დაილაგეს დახლებზე, მაგრამ, რამდენ ხანს გააკეთებდნენ? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ FMSG სექტორში, 40 პროცენტი უჭირავს მარტო ქსელურ მარკეტებს და 60 - ტრადიციულს, აქვე არის შეცდომა. ალბათ, აქ არის ჩასახედი, რატომ არის ქსელური მარკეტების 40% დღეს წილი? საგრძნობლად მეტია, ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს დღეს ქსელებს - 95%-ზე მეტი. სხვაგან სად გავყიდო, მოკვდა ის პატარა [მარკეტი]. ჩემთვის, კომერციულად საინტერესოა, პატარა მარკეტში შევიდე, იმიტომ, რომ უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, აღარ არის, შევიტანე, დავტოვე პროდუქცია - გაკოტრდა, იმიტომ, რომ გვერდზე, მოდერნ თრეიდმა გააკოტრა. ამ მოცემულობით, ნებისმიერი უბანი რომ ავიღოთ, 10 მაღაზიიდან, 4 უნდა იყოს ქსელი და 6 - ტრადიციული. რომელია ასეთი უბანი, შეგიძლიათ მითხრათ? არ არსებობს ასეთი უბანი“, - განაცხადა ჯანო კუციამ.
სხვა სიახლეები
წლის ბოლოს განვაახლებთ FMCG ბაზრის მონიტორინგის შედეგებს - ირაკლი ლექვინაძე
26.10.2026.13:34
წლის ბოლოს განვაახლებთ FMCG ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მეორე მიმართულება ეს არის ბაზრის მონიტორინგები. ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და აღნიშნული პროდუქტები მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, ვახორციელებთ მონიტორინგებს. დაახლოებით 8 ბაზრის მონიტორინგი გვაქვს მიმდინარე, ახლანდელ პერიოდში.
თუ მონიტორინგი არ სრულდება, ჩვენ ვაქვეყნებთ შუალედურ შედეგებს. შუალედური შედეგები წარმოდგენილია ჩვენს ანგარიშში და თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, რომ დეტალურად გაეცნოს შუალედური შეფასების შედეგებს.
დავიწყებ FMCG ბაზრით, რომელიც მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებშია, და ჩვენ წლის ბოლოს გავაკეთებთ განახლებას აღნიშნული ბაზრის შეფასების 2025 წლის მონაცემებით. ჩვენი შეფასებით, ბაზარს შევაფასებთ დაახლოებით 14 მილიარდ ლარად, წლიური ზრდა არის დაახლოებით 7%.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ბაზრის შეფასება და მოცულობა განსხვავდება Galt & Taggart-ის და თიბისი კაპიტალის მიერ გაკეთებული შეფასებისგან, რადგანაც ჩვენ განსხვავებული მეთოდიკით ვაკეთებთ ამას. პრაქტიკულად, ვიღებთ სტატისტიკის დეპარტამენტიდან ყველა კომპანიის და ყველა მეწარმის მონაცემს, რომელიც თუნდაც ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი და რომელიც დღგ-ის გადამხდელია, და შემოსავლების მიხედვით ვითვლით ბაზრის მთლიან მოცულობას“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.