კომპანია „რამბოლმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთაც შესაბამისი კვლევები და ანალიზი სჭირდებათ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი დამატებით კვლევებს საჭიროებს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ დამატებითი ანალიზის საფუძველზე მიიღება, რომელთაც შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.
„რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი რეკომენდაციებია, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი დამატებითი კვლევები. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს 20-წლიანი სტრატეგიაა. კვლევაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ ყველა მიმართულებაზე დეტალური ანალიზია საჭირო. ჩვენთვის ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა და მიმართულება პრიორიტეტული საკითხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება დედაქალაქის მერიამ 2017 წელს დაიწყო, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეკომენდაციების საფუძველზე, დამატებითი კვლევები და პროექტები თანმიმდევრულად განხორციელდება.
„კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური კვლევებია ჩასატარებელი, რომელებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა განახორციელონ. მაგალითად, ავიღოთ ტრამვაი. გვესმის, რომ ტრამვაი გასაკეთებელია, მაგრამ ამას ხომ სჭირდება დეტალური ანალიზი და პროექტი? რა თქმა უნდა, კვლევები და პროექტიც თანმიმდევრულია - რაღაცას აკეთებ, შემდეგ მეორე ნაბიჯია გადასადგმელი. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის გუნდი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ტრამვაი წაართვა თბილისელებს. არ ვიცი იმაზე დიდი მოღალატეობრივი ქმედება რა უნდა იყოს, როდესაც შენს ქალაქს ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ართმევ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826