კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „ემბავუდ ჯორჯიასთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ავეჯით ვაჭრობის სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ შპს „ემბავუდ ჯორჯიასთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს დაევალა:
· გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
· მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
· უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
· მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.embawood.ge
· ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
· შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - თებერვლის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე - 21 შეთანხმება გაფორმდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826