კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი კომპლექსურად დავინახოთ - პაატა კვიჟინაძე
სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად, გვქონდეს სრული სურათი ბიუჯეტის მართვის ზოგად ტენდენციებსა და რეალური მდგომარეობის შესახებ. ეს პროცესი კი, რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მიმდინარეობს, საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილეს.
აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს პირველად ვიხილავთ კონსოლიდირებულ ანგარიშებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად ჩაატარა ბიუჯეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. მანამდე ფინანსური აუდიტი თითოეულ სამინისტროში ინდივიდუალურად ტარდებოდა.
აუდიტის პერიოდი მოიცავს 2024 - 2025 წლებს და 10 სამინისტროზე გაცემულია 49 რეკომენდაცია. განხილვა საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაიზიარეს სამინისტროებმა. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციების შესრულების კონკრეტული გრაფიკი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826