ყოველ ახალ ჰესს ორი მთავარი მდგენელი აქვს - ელექტროენერგიის დამატებითი გამომუშავება და რეგიონების ეკონომიკური გამოცოცხლება l გიორგი მარგებაძე
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა ერთდროულად აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. გიორგი მარგებაძის თქმით, ახალი ჰიდროელექტროსადგურები ელექტროენერგიის წარმოების ზრდასთან ერთად ქმნის სამუშაო ადგილებს, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს უშლის მაღალმთიანი სოფლების დაცლას.
„ყოველი ახალი სადგური და ყოველი ახალი მცირე ჰესი ნიშნავს ელექტროენერგიის დამატებით გამომუშავებას და, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას. ეს ერთი.
მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები აბსოლუტურად ყველა რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან ზონებშია მოფენილი. მაგალითად, ორ სოფელში, სადაც უკვე აღარც გვახსოვს, ბოლოს როდის იყო რაიმე ეკონომიკური აქტივობა, 2.5-მეგავატიანი სადგურის მშენებლობას ვაპირებთ, რომელიც 5 მილიონი დოლარი ჯდება. იქ უკვე დაიწყო ეკონომიკური გამოცოცხლება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმების, კონკრეტული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება.
შესაბამისად, ასეთი პატარ-პატარა სადგურები, გარდა იმისა, რომ დამატებით ელექტროენერგიას გვაძლევს და იმპორტზე დამოკიდებულებას გვიმცირებს, ქმნის ეკონომიკურ აქტივობას მაღალმთიან სოფლებში, რომლებიც ფაქტობრივად უკვე დაცლილია.
საბოლოო ჯამში, ამ პროცესს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მდგენელი აქვს: პირველი, ელექტროენერგია, მეორე ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკის უსაფრთხოება და მესამე ადგილობრივი მოსახლეობის გამოცოცხლება და სოფლების დაცლისგან გადარჩენა“, - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
21.09.2026.17:10
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.