ყოველთვის ვუყურებთ პროგრამების ჭრილში, რომელმა პროგრამამ იმუშავა და რა ტიპის გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე - ირაკლი გაბრიაძე
„შეიძლება ითქვას, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩვენ მიერ დახარჯულ ყოველ 1 ლარზე, ბენეფიციარი კომპანიები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 35 ლარით გაზრდილ შემოსავალს იღებენ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ გაწეული საქმიანობის ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო 2021 წლიდან სისტემურად და სტრუქტურულად აანალიზებდა იმ შედეგებს, რომლებსაც მათი ჩართულობა იწვევს.
„ამიერიდან უკვე კორპორაცია გააგრძელებს აღნიშნულ მიდგომას. თუმცა წინა გამოცდილება რომ გავითვალისწინოთ, ყოველთვის ვუყურებთ პროგრამების ჭრილში: რომელმა პროგრამამ იმუშავა, რა ტიპის გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ან ზოგადად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ასე შემდეგ.
ახლა რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთ-ერთი პროგრამა, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა. აქ ვაფასებთ ბენეფიციარებს და ვუყურებთ, პირველ რიგში, ჩვენს გარეშე ისინი შეძლებდნენ თუ ვერა, რომ განეხორციელებინათ აღნიშნული პროექტი. შემდეგ ვუყურებთ იმ ბენეფიციარებს, ვინც ჩვენს გარეშე ვერ შეძლებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რა ეფექტი მისცა ჩვენმა ჩართულობამ. ანუ რა ეფექტი მიიღეს მათ შემოსავლების კუთხით - ანუ ის ნაზრდი რა არის, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ჩვენი ჩართულობიდან გამომდინარე. და შემდეგ ვაფასებთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ჩვენს მიერ დახარჯულ 1 ლარზე კომპანიები (ისეთი კომპანიები, რომლებიც ჩვენს გარეშე ამ პროექტს ვერ განახორციელებდნენ) მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იღებენ დაახლოებით 35 ლარით გაზრდილ შემოსავლებს. 1 ლარზე ჩვენი კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში არის დაახლოებით 11 ლარამდე. და ჩვენი 1 ლარი დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აძლევს სამნახევრიდან ოთხ ლარამდე დამატებით შემოსავალს. ეს არის ის მაჩვენებელი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში.
საკრედიტო-საგარანტიო პროგრამას თუ შევხედავთ, კიდევ უფრო შთამბეჭდავია რიცხვები, იმიტომ რომ იქ თითქმის ხარჯის გარეშე ხდება აღნიშნული ბენეფიციარების მხარდაჭერა და კიდევ უფრო მაღალ და გაზრდილ რიცხვებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სააგენტო აკეთებს ყველა იმ პროგრამის შეფასებას, ეგრეთ წოდებული გავლენის შეფასებას, რომელსაც ვახორციელებთ - იქნება ეს ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება ეს კაპიტალის ბაზრის წახალისების მიმართულებით, იქნება ეს სესხის პროცენტის სუბსიდირების მიმართულებით თუ სხვა ნებისმიერი ტრენინგის თუ ტექნიკური დახმარების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.
ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიხსნა რვა რეგიონული ოფისი, ხოლო მომდევნო წელს კიდევ ორი დაემატება, რის შედეგადაც ქვეყნის ყველა რეგიონი სრულად იქნება მოცული. გაბრიაძის ინფორმაციით, რეგიონულმა ოფისებმა უკვე 5 000-ზე მეტ ბიზნესს გაუწიეს კონსულტაცია, მიაწოდეს ინფორმაცია, შესთავაზეს ტექნიკური დახმარება და ფინანსურ რესურსებზე წვდომის სხვადასხვა მექანიზმი. მისი თქმით, კორპორაცია რეგიონული განვითარების მიმართულებით აქტივობების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონების ინკლუზიური ზრდის მიზნებთან სრულ შესაბამისობაშია.
სხვა სიახლეები
ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური - ირაკლი ნადარეიშვილი
20.10.2026.20:56
მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზრებიდან მიღებულ შემოსავლებში ზრდა დაახლოებით 30% გაქვს, ასევე ახალი ბაზრებიდან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური.
პირდაპირი ფრენები, დაკავშირებადობა - რაც არის უმნიშვნელოვანესი ტურისტების მოსაზიდად, უვიზო რეჟიმი და ძალიან ინტენსიური მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ჩინეთის ბაზრიდან ვიზიტორების და შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2026 წლის სამი კვარტალის მონაცემებით ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.