KPMG-მ კომპანია Tether-ის ფინანსური ანგარიშგების სრული დამოუკიდებელი აუდიტი პირველად ჩაატარა
Tether-მა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს სტეიბლკოინს უშვებს, განაცხადა, რომ KPMG U.S.-მა პირველად ჩაატარა მისი ფინანსური ანგარიშგების სრული, დამოუკიდებელი აუდიტი.
აუდიტის შედეგები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ეს ნაბიჯი Tether-ის მცდელობას წარმოადგენს, გაზრდილი გლობალური ყურადღებისა და კრიპტოკომპანიების მიმართ გამკაცრებული მიდგომების ფონზე, ბაზრებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მეტი დამაჯერებლობა შესძინოს.
Tether წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებას გეგმავდა.
Tether-ის ფინანსური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება აჩვენებს, რომ კომპანიის რეზერვები მის ვალდებულებებს 6.8 მილიარდი დოლარით აღემატებოდა.
KPMG U.S.-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ვადასტურებთ, რომ AICPA-ის სტანდარტების შესაბამისად, Tether International, S.A. de C.V.-ის 2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე უპირობო აუდიტორული დასკვნა გავეცით. კლიენტის კონფიდენციალურობის დაცვის გამო დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ.“
Tether-ის განცხადებით, აუდიტი ავსებს კომპანიის მიერ კვარტალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციას რეზერვების შესახებ და მოიცავს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების საფუძვლად არსებული ტრანზაქციების, სისტემების, საკუთრების დამადასტურებელი ჩანაწერების, შეფასებების, კონტრაგენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შემოწმებას.
Tether-ის განცხადებით, KPMG-მ კომპანიის მფლობელობაში არსებული თითოეული ოქროს ზოდი ფიზიკურად დათვალა.
Tether-ის ვებგვერდის მიხედვით, კომპანიას დოლართან მიბმული დაახლოებით 183 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოტოკენი აქვს გამოშვებული. Tether-ის განცხადებით, იგი ფლობს დოლარში დენომინირებულ აქტივებს, მათ შორის აშშ-ის სახაზინო ფასიან ქაღალდებს, რომელთა ღირებულებაც მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობას შეესაბამება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826