ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას 3 კომპანია უზრუნველყოფს - ირაკლი ქარქაშაძე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას 3 კომპანია უზრუნველყოფს, აღნიშნულის შესახებ ექსკლუზიურად „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებაზე.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი გადამზიდავი დაგვემატა და უკვე მგზავრებს თბილისიდან, ბათუმიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს ტრანსპორტირებას უკვე სამი კომპანია შესთავაზებს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სერვისები, იყოს არჩევანის ფართო ასპექტი, რაც თავისთავად ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და შესაბამისად ხარისხს აუმჯობესებს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, არამხოლოდ ტრანსპორტის, არამედ უშუალოდ აეროპორტშიც მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს და მზად ვართ, რომ ასე გავაგრძელოთ წლევანდელ წელსაც“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა და ამიერიდან ,,ჯორჯიან ბასთან“ და ,,ომნიბუსსექსპრესთან“ ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -,,მეტრო ჯორჯიაც” განახორციელებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826