ქვეყანას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება.
ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
„მე აქ ვიმყოფები დიდი ბრიტანეთის ღვინის იმპორტიორების და ღვინის ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად. ისინი პირველად არიან საქართველოში, თუმცა ყველა ძალიან გამოცდილი ღვინის პროფესიონალები არიან. ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა თელავში, ქვევრის ღვინის მწარმოებელ ზაზა კბილაშვილთან სტუმრობით. ახლა ვართ რუისპირის ბიოდინამიურ ვენახში, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ბევრი მათგანი უკვე იცნობს ბიოდინამიურ ვენახებს. ეს არის პირველი ქართული ბიოდინამიური ვენახი, რომელიც მათ ნახეს“ - აღნიშნა სარა ებოტმა.
ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში, სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველოს ლანდშაფტისა და ტერუარების, ქართული ღვინის ისტორიის და მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ პრეზენტაცია მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ ჩაატარა.
ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826