ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი კვლავ იზრდება
იანვარში ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი გაიზარდა. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარში საქართველომ 348.96 ათასი დოლარის ღირებულების 166.81 ტონა ავოკადო იყიდა, 2024 წლის იანვარში კი 162.09 ტონა. შესაბამისად ზრდა 3%-ის დონეზეა.
2025 წლის იანვარში საქართველოში ავოკადოს იმპორტი სულ 2 ბაზრიდან განხორციელდა. თურქეთი ამ პროდუქტის ნომერ პირველი იმპორტიორია და სწორედ მასზე მოდის მთელი იმპორტის 74%-ი.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ავოკადოს იმპორტს ახდენს:
თურქეთი - 122.88 ტონა - 213.90 ათასი დოლარი;
ნიდერლანდები - 43.93 ტონა - 135.07 ათასი დოლარი;
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში ავოკადოს იმპორტმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. წლის განმავლობაში ქვეყანამ 4,451.98 ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო შეიძინა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 11,4%-იანი ზრდაა. 2023 წელს საქართველოში ავოკადოს იმპორტმა 1700.84 ტონა შეადგინა. საქართველოსთვის ავოკადოს ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთია, რომელზედაც ამ ხილის იმპორტის 55%-ი მოდის.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წლიდან ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით აღნიშნულ ხილზე მოთხოვნა გაზრდილია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826