ლარი გამყარდა
2024 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე გაიყიდა 48 500 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობისა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად მიმართავს სავალუტო ინტერვენციებს.
ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.
აქვე განვმარტავთ, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826