ლარის გამყარებაზე ძირითადი გავლენა მიგრანტების შემოდინებას ჰქონდა - PMC-ის ანგარიში
გამოკითხული ქართველი ეკონომისტების დაახლოებით 90% ფიქრობს, 2023 წლის მეორე კვარტალში ლარის გამყარებაზე მაღალი ან ძალიან მაღალი გავლენის მქონე ფაქტორს მიგრანტების შემოდინება წარმოადგენს.
ამის შესახებ საუბარია „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ ანგარიშში, რომელიც პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია.
გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, გამოკითხული ეკონომისტების თითქმის ნახევარი (47%) დარწმუნებით ვერ აფასებს ომის საერთო გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.
მათი თითქმის 90% ეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას (გამოცხადებულს 2023 წლის 10 მაისს) მონეტარული პოლიტიკის შერბილების და პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-დან 10.5%-მდე შემცირების შესახებ.
ქართველმა ეკონომისტებმა ყურადღება ბოლო პერიოდში გლობალურ საბანკო სექტორში არსებულ პროცესებზეც გაამახვილეს. 63% ფიქრობს, რომ არასტაბილურობას გლობალურ საბანკო სექტორში (აშშ-ის რეგიონული ბანკების - Silicon Valley Bank-ის, Signature Bank-ისა და First Republic-ის გაკოტრებას და Credit Suisse-ის შეძენას) მინიმალური გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.
გამოკითხვის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას.
მათი შეფასება გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის პირველი კვარტლის შეფასებასთან, ასევე, 2022 წლის მეორე კვარტლის შეფასებასთან შედარებით.
გამოკითხულთა მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. მოლოდინი ოდნავ გაუარესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2023 წლის პირველ კვარტალში და საგრძნობლად გაუარესდა 2022 წლის მეორე კვარტლის დადებით პროგნოზთან შედარებით.
ცნობისთვის, კვლევაში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა 2023 წლის მაისში ჩატარდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826