ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1336 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7223 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7223 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7365 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0142 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1336 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, როგორც 2026, ისე 2027 წელს სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5.5%-მდე შენელდება, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება
25.11.2026.11:00
გალტ & თაგარტმა სომხეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა - Armenia: Turning Opportunities into Growth. პუბლიკაცია კომპანიის რეგიონული კვლევითი მიმართულების განვითარების მორიგი ეტაპია. უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, გალტ & თაგარტი რეგიონში კვლევით დაფარვას კიდევ ერთი ქვეყნით აფართოებს და ინვესტორებს სომხეთის შესახებ დამოუკიდებელ ანალიტიკას სთავაზობს.
კვლევა დეტალურად მიმოიხილავს სომხეთის მაკროეკონომიკურ გარემოსა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს. იგი მნიშვნელოვანი ანალიტიკური რესურსია, როგორც სომხეთში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი კომპანიების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ.
გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება: 2022-25 წლებში რეალური ზრდა საშუალოდ 8.5% იყო, 2025 წელს კი 7.1% შეადგინა. ქვეყანაში კომპანიებისა და კაპიტალის შემოდინებამ სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები დააჩქარა, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები კი რეკორდულ დონემდე გაზარდა. 2021-2025 წლებში ეკონომიკის ზომა 13.9 მლრდ აშშ დოლარიდან 29.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაორმაგდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 4,750 აშშ დოლარიდან 9,495 აშშ დოლარამდე. 2016-25 წლებში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა, ხოლო მომსახურების სექტორების წილი გაიზარდა: ფინანსური მომსახურების – 4.9%-დან 10.8%-მდე, ვაჭრობის – 10.9%-დან 16.1%-მდე. IT ექსპორტი 2021 წლიდან თითქმის ხუთჯერ, 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ზრდას მშენებლობა და უძრავი ქონების ბაზარიც უწყობდა ხელს: ბინების გაყიდვებმა 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გამოწვევებს შორისაა რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის ნაწილზე დაწესებული შეზღუდვები. ამავდროულად, ჩნდება ახალი შესაძლებლობებიც: საზღვრები ეტაპობრივად იხსნება, იგეგმება ახალი სატრანზიტო მარშრუტი, ევროკავშირმა სომხეთისთვის დახმარება გააფართოვა, ამოქმედდა ოქროს ახალი საბადო, რომელიც წელიწადში 860-900 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო შემოსავალს მოიტანს, და გაიხსნა Firebird-ის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი, რომელშიც ჯამში 5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.