ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1003 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6708 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6708 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6716 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1003 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1095 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
მომავალ წლებში თბილისი იქნება ბევრად უფრო ძლიერი, მდიდარი და საცხოვრებლად კომფორტული ქალაქი - ვახტანგ ლომჯარია
28.05.2026.18:15
ვფიქრობ, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით, თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, - აცხადებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია. მისი თქმით, დედაქალაქი გამოირჩევა ძლიერი ადამიანური კაპიტალით, უსაფრთხო ბიზნესგარემოთი, მზარდი ეკონომიკითა და სწრაფად განვითარებადი სექტორებით, რაც ქალაქს დამატებით საინვესტიციო პოტენციალს აძლევს.
„დედაქალაქში თავმოყრილია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური კაპიტალი. საქართველოში იმ ორ ქალაქს შორის ვართ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ თბილისზე მოდის მთელი ქვეყნის ეკონომიკის ნახევარზე მეტი.
ამას, ბუნებრივია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თუმცა ის ფაქტი, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია, სადაც საკუთრების უფლება დაცულია და კრიმინალის დონე საკმაოდ დაბალია, უდიდესი უპირატესობაა. გარდა ამისა, აქ თავმოყრილია კრეატიული ბიზნესები და შემოქმედებითი ადამიანური კაპიტალი. ჩვენი არქიტექტურა, პარკები, კულტურა, კულინარია და მდიდარი ისტორია - ეს ყოველივე თბილისს ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო გარემოდ აქცევს.
ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გადახდისუნარიანობა, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება და თბილისს ბევრი ბიზნესისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ამაზე მეტყველებს დედაქალაქში დაგეგმილი მსხვილი პროექტებიც, რომლებსაც, თავის მხრივ, სინერგიულად მოჰყვება სხვა ბიზნესების განვითარება. პოზიტიური მოლოდინები, ბუნებრივია, დადებით გავლენას ახდენს საერთო ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მთავარია, რომ ამ ზრდასა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისებას თან სდევდეს სიღარიბის შემცირება და სოციალური ფონის გაუმჯობესება. ეს ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდისა და თბილისის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია და სრულად ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს,
ამიტომ, ძალიან გვიხარია, რომ პოზიტიური დინამიკა უამრავ სექტორში ფიქსირდება. მათ შორისაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომლის წილიც ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკაში თითქმის გასამმაგდა და 4%-დან უკვე 9%-ს გადააჭარბა. ეს მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება, თუკი რაიმე გარე შოკებს არ შევეჩეხეთ. ჩვენ უკვე გადავლახეთ ერთი მასშტაბური გლობალური გამოწვევა - პანდემია, და იმ პერიოდში, როდესაც ნეგატიური ტენდენციების მოლოდინი გვქონდა, რეალობა პირიქით, პოზიტიურ მიმართულებად ვაქციეთ. თუ ასეთ ფორსმაჟორულ ფაქტორებს გამოვრიცხავთ, დარწმუნებით ველით, რომ მომავალ წლებში თბილისი იქნება ბევრად უფრო ძლიერი, მდიდარი და საცხოვრებლად კიდევ უფრო კომფორტული ქალაქი“, - აღნიშნავს ვახტანგ ლომჯარია.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, IT სექტორის გარდა დედაქალაქს მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი აქვს ჯანდაცვის, განათლების, მშენებლობისა და მომსახურების მიმართულებებით, ასევე საფინანსო სექტორში, რომელიც ტურიზმსა და მშენებლობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მისი თქმით, ბოლო ხუთ წელიწადში აღნიშნული სექტორები დაახლოებით 2-2.5-ჯერ გაიზარდა.