ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8975 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5957 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5957 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5960 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8975 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8943 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - ნათია თურნავა
28.10.2026.17:30
„თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან წარმატებული იყო და ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა საქართველოში იმართება. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რაც საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს შეგვიძლია გავუზიაროთ. პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას აძლიერებს", - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თბილისის ფინანსური სამიტის" შეჯამებისას განაცხადა.
„საქართველო ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, ეს კი ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, სამიტში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გლობალური ფინანსური ტენდენციების განხილვის, არამედ საქართველოში არსებული კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობისა და არსებული ინვესტიციების გაფართოების თვალსაზრისით.
„სამიტს ესწრებოდნენ არაერთი საერთაშორისო ინვესტორი და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლები, რომელთა ინტერესიც მხოლოდ გლობალური გამოწვევების განხილვით არ შემოიფარგლება. მათ ასევე აინტერესებთ კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები - სად შეუძლიათ ინვესტირება და როგორ გააფართოონ უკვე არსებული ინვესტიციები საქართველოში"- განაცხადა ნათია თურნავამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Bank of China-სა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრების მიზანი საქართველოს ფინანსურ სექტორთან საერთაშორისო კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარება იყო.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მეზობელი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები პრაქტიკულად მუშაობს და რეგიონული კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, სამიტმა საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვის პლატფორმა შეუქმნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1 000-მა მონაწილემ 60-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, ფინანსური სექტორის ლიდერებმა, საერთაშორისო ინვესტორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებმა.
სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსურ ტექნოლოგიებს, ციფრულ ვალუტებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდების სისტემების განვითარებასა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებამ ფინანსური მომსახურება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადოს და ამავდროულად, როგორ უნდა იმართოს მათთან დაკავშირებული რისკები.
ნათია თურნავას განცხადებით სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.