ლარმა ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო და ნელ-ნელა სტაბილურ მდგომარეობას უბრუნდება - სოსო ბერიკაშვილი
ეროვნულ ბანკში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ლარის კურსზე ჰქონდა გავლენა და წნეხი ამ ეტაპზე დაძლეულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ლარის კურსზე გავლენა ახლა მთლიანად ეკონომიკურ ფაქტორება აქვს, რაც ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.
„გარკვეული წნეხი იყო, მაგრამ ლარს მასშტაბური რყევა არ განუცდია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე პანიკა, რაც ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენების გამო შეიქმნა, გადალახულია. შესაბამისად, ამ ფაქტორის გავლენა კურსზე არ აისახება.
თუმცა სტაბილური მოლოდინები საქართველოს ეკონომიკაში ნამდვილად არ არის. ჩვეულებრივი მდგომარეობაა, დიდი რყევები მოკლევადიან პერიოდში არ იქნება, თუ რამე არ მოხდება. ნებისმიერი რყევა, არასწორი პოლიტიკა ეროვნულ ბანკში (თუკი ამ პროცესს ექნება ადგილი) და სხვა, ეკონომიკურ ფაქტორებზე და მათ შორის, ლარზეც აისახება", - აცხადებს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ კურსის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში არ იგრძნობა რაიმე საფრთხე, რაც შეიძლება სავალუტო ბაზარს დაემუქროს.
,,ლარის კურსზე პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, ასეთი რამ რეალურად წარმოუდგენელია, რადგან წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება ეკონომიკაში, არაერთი ფაქტორია, რაც კურსის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს. ბევრი რამ მნიშვნელოვანია, მათ შორის, სებ-ის ქცევა კონკრეტულ სიტუაციებში, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც, მათ შორის, საერთაშორისო პროცესების გავლენაც, რასაც ვერ გავაკონტროლებთ“, - განმარტავს ანალიტიკოსი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Galt & Taggart-მა ყოველკვირეული ეკონომიკური ტენდენციების შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებით საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში იქნება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826