ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წევრი ქვეყნების ჯგუფის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მოდერატორობა გაუწია სესიას თემაზე: „მსოფლიო ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში".
სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანტონელა ბასანიმ, რომელმაც ისაუბრა საკვანძო რეგიონულ შესაძლებლობებზე ტრანსპორტის, მწვანე ეკონომიკისა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებებით.
მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ივაილო იზვორსკიმ ისაუბრა, თუ როგორ უნდა იქცნენ მაღალშემოსავლიან ქვეყნებად ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები.
სესიის დასრულების შემდეგ გამართულ პანელურ დისკუსიაში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კოლეგებთან ერთად შეაჯამა პლენარულ სესიებზე განხილული საკითხები და მსჯელობის დროს გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები.
შემაჯამებელ პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერა დაბლანორისი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის უფროსი იასპერ ვესელინგი და მონტენეგროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირენა რადოვიჩი.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა
09.06.2026.17:56
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსოფლიო დღე მიულოცა.
„აკრედიტაციისმსოფლიო დღე ყოველწლიურად 9 ივნისს აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, ვულოცავთ აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ექსპერტებს და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს. სწორედ მათი საერთო ძალისხმევითა და აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
წლიდან წლამდე აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენება სულ უფრო მეტ სფეროში ხდება, რადგან მარეგულირებელი ორგანოები, მომხმარებლები და მწარმოებლები სულ უფრო მეტად ენდობიან აკრედიტებული ორგანიზაციების საქმიანობას.
წლევანდელი წელი აკრედიტაციის მსოფლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან 2026 წლის იანვრიდან აკრედიტაციის სფეროში შეიქმნა ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია - Global Accreditation Cooperation Incorporated – Global ACI. მან ჩაანაცვლა ამ სფეროში მოქმედი ორი ორგანიზაცია - აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა.
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, როგორც საერთაშორისო და ევროპული აკრედიტაციის სისტემების ნაწილი, სრულად არის ინტეგრირებული ამ პროცესებში და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო და ევროპაში აღიარებულ სერვისებს აწვდის. სწორედ ამ აღიარების დამსახურებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, რომელთა შესაბამისობაც დადასტურებულია აკრედიტებული ლაბორატორიის, სერტიფიკაციის თუ ინსპექტირების ორგანოს მიერ, დამატებითი ბარიერების გარეშე ხვდება ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.