ლევან დავითაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაიანა კოსტა ესწრებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ელჩთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პრიორიტეტები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, შუა დერეფნის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისა და თანამშრომლობის წახალისების შესახებ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სან ფრანცისკოში დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი იქნება ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება. როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ უახლოეს თვეებში აღნიშნული მისიების ფარგლებში ქართული კომპანიები ამერიკას, ხოლო ამერიკული კომპანიები საქართველოს ეწვევიან. სავაჭრო მისიებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და აშშ-ის საელჩო საქართველოში ხელს აქტიურად შეუწყობენ.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია შევქმნათ ბიზნესითვის კონკურენტული, გამჭირვალე და ეფექტური გარემო, რომლის პირობებში მომხმარებელი იღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე - შოთა ბერეკაშვილი
21.11.2026.10:46
თბილისმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემატურ პანელზე, რომელიც სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე ფასების გამჭვირვალობისა და ინფორმირებული არჩევანის საკითხს დაეთმო, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხედვაზე ისაუბრა სასურსათო ბაზრებზე ფასებსა და ზოგად გამოწვევებთან დაკავშირებით.
„მომხმარებლის დაცვისა და სამომხმარებლო ბაზარზე საუკეთესო ფასის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებაა და არა ფასების ადმინისტრაციული რეგულირება. ამ მიმართულებით გადამწყვეტია შემდეგი კომპონენტების ერთობლიობა: ჯანსაღი კონკურენცია, პროცესების სისწრაფე, გამჭვირვალობა და მომხმარებლის სრული ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების ორი ძირითადი მოდელი არსებობს: ყოველდღიურად დაბალი ფასების (Everyday Low Price) და მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელები.
„კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება. ამ მიმართულებით შემუშავებული ელექტრონული პლატფორმის ფარგლებში, 23 საბაზისო პროდუქტზე ფასების შემცირების მექანიზმი ამოქმედდა. სავაჭრო ქსელებს მიეცათ შესაძლებლობა, 23 პროდუქტზე სხვადასხვა ბრენდის როტაციის გზით, მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ ხელსაყრელი ფასი და ხარისხიანი პროდუქტი. აღნიშნული მიდგომის შედეგად, საბაზისო პროდუქტებზე ფასები დამატებით, საშუალოდ, 14%-ით შემცირდა. სამომავლოდ იგეგმება პლატფორმის გაფართოება და პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოში დისტრიბუციის ფრაგმენტული სტრუქტურაა, რაც მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობაზე აისახება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაციას და გავაძლიეროთ პირდაპირი კავშირები მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის - იქნება ეს იმპორტიორი თუ ადგილობრივი მწარმოებელი. საოპერაციო ხარჯების შემცირება, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საბოლოო ფასების ოპტიმიზაციაზეც დადებითად აისახება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და ვაჭრობის ეტაპებზე, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
რაც შეეხება საშუალოვადიან ნაბიჯებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, რომელიც სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობებს უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს გახდის. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რათა მათ მკაფიო და გასაგები პირობები, შემცირებული საოპერაციო დანახარჯები და გასაღების ბაზრებზე პირდაპირი წვდომის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, 22 ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.