ლევან დავითაშვილი ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის წამყვან საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საინვესტიციო კონსულტანტებს, ე.წ. ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა და ის შესაძლებლობები, რასაც ამ სექტორში მოქმედ უცხოურ კომპანიებს საქართველო სთავაზობს.
ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიო წამყვანი კომპანიების მენეჯერებისა და საინვესტიციო კონსულტანტების მორიგი გაცნობითი ტური საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით შედგა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ამჯერად BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) სექტორის 10-ზე მეტი მაღალი რანგის მენეჯერი ეწვია აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, მექსიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
ტურის მიზანია საქართველოში ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების კუთხით საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. საქართველოში ვიზიტისას საინვესტიციო კონსულტანტებმა შეხვედრები გამართეს კერძო და საჯარო უწყებებთან, გაეცნენ ქვეყნის ბიზნეს კლიმატს და BPO სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
საინვესტიციო კონსულტანტების თქმით, საქართველო დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ეძებს მრავალენოვან მიმართულებას შთამბეჭდავი ტექნოლოგიური უნარებით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობით, საქართველო უნდა იყოს მათი სიის სათავეში.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გასულ თვეებში გამართულმა საინვესტიციო გაცნობითა ტურებმა აჩვენა, რომ მსგავსი ინიციატივები ეფექტურია როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826