ლევან დავითაშვილი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი გამოხატეს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე, ასევე ზოგადად, ეკონომიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე, მათ შორის ინვესტიციების კუთხით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს გაუზიარეს ხედვა და ინტერესი საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც, მათი განცხადებით, გამოიხატება ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ბიზნესაქმიანობისთვის შექმნილ ხელსაყრელ გარემოს და მთავრობის სწორ ენერგოპოლიტიკას, რადგან, მათი შეფასებით, საქართველო ძალიან მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით და ამ პოტენციალს ეფექტიანი გამოყენება სჭირდება.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ Elsewedy Electric-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ინჟინერია, მშენებლობა, ელექტრო პროდუქტები, ციფრული გადაწყვეტილებები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და ა.შ. კომპანიას 17 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და მისი კაპიტალის ბრუნვა 3.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. Elsewedy Electric-ის 31 საწარმოო ობიექტი მდებარეობს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის: ეგვიპტეში, ალჟირში, კატარში, ინდონეზიაში, პაკისტანსა და ტანზანიაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია ექსპორტს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826