ლევან დავითაშვილი ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს, ნიკოლას რალოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და„საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ესწრებოდნენ.
ნიკოლას რალომ ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურებისა და სპეციალისტების ICAO-სთან აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის კუთხით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეს პროგრესი და განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიოს, რისი შესაძლებლობებიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. „საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი" - აღნიშნა რალომ.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა იმ აქტივობებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ხორციელდება როგორც სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გაზრდის, ისე საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მზარდია არამხოლოდ ავიარეისების აღდგენის დინამიკა, არამედ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი მიმართულებების დამატებაზე მუშაობის ინტენსივობა.
ეკონომიკის მინისტრმა და ნიკოლას რალომ ასევე განიხილეს საავიაციო სფეროს დიჯიტალიზაციისა და ე.წ. „მწვანე ავიაციის" განვითარების შესაძლებლობები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826