ლევან დავითაშვილი „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოდის
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოდის - ლევან დავითაშვილი დეპუტატებს „მინისტრის საათის" ფორმატში ანგარიშს წარუდგენს.
ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები, ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკურ სურათი, ტენდენციები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც ეკონომიკის მინისტრი დეტალურად ისაუბრებს.
„დღეს გაგაცნობთ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დინამიკას, რეფორმების მიმდინარეობას და სამომავლო გეგმებს. თუმცა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აუცილებლად ვისაუბრებ იმ გამოწვევების და შესაბამისად, ამოცანების შესახებ, რომლებიც ჩვენი დღის წესრიგში დგას და რომელთა გადასაჭრელად აქტიურად ვმუშაობთ, მთელ სამთავრობო გუნდთან კოორდინაციაში. ასე რომ, ჩემი გამოსვლა მიმდინარე წლის ეკონომიკური ტენდენციებისა და ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამება იქნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, მისმა უწყებამ, მთლიანად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. ლევან დავითაშვილის თქმით, ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მათ შორის - არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი.
„თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა - ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლეულია, ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ არსებული დადებითი დინამიკა და ტემპი. ეს ჩვენი ეკონომიკური გუნდის კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ისევე, როგორც ეკონომიკური სარგებლის თანაბრად, სამართლიანად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე, მზარდი ეკონომიკის სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ქვეყნის ეკონომიკის სექტორული ზრდა/განვითარება და რეფორმები, მათ შორის კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის და სადაზღვევო სექტორის განვითარება, გამართული საპენსიო სისტემა, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი მთავარ პრიორიტეტად და საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებად ასახელებს და რომელთა შესახებაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ვრცლად ისაუბრებს. ლევან დავითაშვილი პარლამენტის წევრებს ასევე დეტალურად გააცნობს ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი მსხვილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.
„მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე არლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826