ლევან დავითაშვილი: საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორია
პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მთავრობის მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ხარისხიანი, პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ როგორც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების, ასევე ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ბევრს მუშაობს სხვადასხვა ქვეყანასთან, აქვს ინტენსიური დიალოგი ძირითად პარტნიორებთან და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორი საქართველოსთვის არის საუდის არაბეთი, რომელიც უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს ყურის ქვეყნებს შორის.
„გასულ წელს გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ყურეში, შევხვდით მმართველ გუნდს, პრინცს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ფორმალური პლატფორმები ეკონომიკური ურთიერთობების წასახალისებლად ორ ქვეყანას შორის. ასეც მოხდა - შარშან სავაჭრო პალატებს შორის ჩამოყალიბდა ერთიანი პლატფორმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით შეიქმნა კონკრეტული ბიზნესსაბჭო, სადაც ქართული და საუდის არაბეთის ბიზნესებია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო წავახალისოთ ინვესტიციები, სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და დღევანდელი ფორუმიც ამ დაწყებული სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული ინვესტიციების განხორციელების კუთხით" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
15 თებერვალს თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა.
ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.
საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826