ლევან დავითაშვილი: შუა დერეფანი და TRACEKA წარმოადგენს ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს, რაც წევრი ქვეყნების კონკურენტუნარიანობას გაზრდის
„ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრასეკა უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ტრასეკას აქტიური წევრია და მიმდინარე წელს საქართველო გადაიბარებს ტრასეკას თავმჯდომარეობას“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური, რიგით მე-16-ე სხდომის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ტრასეკას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია. მისი თქმით, „შუა დერეფანი“ და ტრასეკა წარმოადგენს ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის და ტრასეკას წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვების მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციას და კონკურენტუნარიანობას.
„ტრასეკას წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციის კუთხით. მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოსთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს ისევ ტრასეკას უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას და ზოგადად, ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ტრასეკას წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები ასევე განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო ერთი წლის ვადით იქნება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826