ლევან დავითაშვილმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელთან საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელ მუჰამედ ალი რაშედ ალაბართან კორპორაციის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები განიხილა. შეხვედრა ლევან დავითაშვილის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასევე ყურადღება გამახვილეს ლიბერალურ საგადასახადო სისტემასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს კორპორაცია Emaar Properties-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ Emaar Properties-ი უძრავი ქონების განვითარების მულტიეროვნული კომპანიაა, რომელიც აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და მილიარდობით აქტივებს ფლობს მსოფლიო მასშტაბით, მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი კი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – „ბურჯ-ხალიფას" მფლობელია. როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიცაა Emaar Properties, დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, საქართველოსადმი ნდობას არამხოლოდ საამიროებში, არამედ ყურის და სხვა ქვეყნებში.
„ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში მსგავსი რანგის კომპანიის შემოსვლა, რომელიც ეკონომიკის ბევრი მიმართულებით, ერთიანი პროექტის ფარგლებში განახორციელებს მსხვილ ინვესტიციას. ეს დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალ მიმართულებებზე" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება საინვესტიციოდ ერთ-ერთ საინტერესო და მოწინავე მიმართულებად, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და ავიაციის კუთხით. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარის განცხადებით, მსგავსი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას, ასევე გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826