ლევან დავითაშვილმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს ბათუმში პირადად მიულოცა
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებაში თავის ადგილს კიდევ უფრო იმკვიდრებს. მთავრობის იმ თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრი და ნაწილია", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით 25 ივნისს, ყოველწლიურად აღნიშნავს მეზღვაურთა პროფესიულ დღეს. ამჯერად საზეიმო ღონისძიებები ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. ნავმისადგომზე კი მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილება მიიღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, საზღვაო სექტორის წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ქართველ მეზღვაურებს მადლობა გადაუხადა ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულებისა და ღირსეული სამსახურისთვის. ვიცე-პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის, ქვეყნისთვის საზღვაო განათლების და საზღვაო ტრანსპორტის დარგში მოქმედ საერთაშორისო კონვენციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობის შესახებ. მისი განცხადებით, მთავრობის მიერ სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. „თეთრ სიაში" ირიცხება. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საქართველო შეუერთდა მეზღვაურთა შრომის კონვენციას და მიღებული იქნა ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა - „მეზღვაურთა შრომის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას.
„ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად შევძელით ის, რომ საქართველოს მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. საზღვაო სექტორი დიდი სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მსოფლიოს კომერციული ტვირთების 90% სწორედ საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება. საქართველო, როგორც მნიშვნელოოვანი სატრანზიტო-ლოგისტიკური ფუნქციის ქვეყანა ზღვასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკაც იმისკენაა მიმართული, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური პროექტის შესახებ - მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა დაიწყებს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიქნებით სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ოპერაციებში, ქვეყანაში მეტი ეკონომიკა შეიქმნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბათუმში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდება, მათ შორის: საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს. ასევე, ტრადიციულად შედგება გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826