ლევან დავითაშვილმა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს უმასპინძლა
„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა. პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება.
ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას.
„მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს.
ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში - აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარიანობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე მარატ კარაბაევმა მწუხარება გამოხატა რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო და ქვეყნის სახელით, ლევან დავითაშვილს მიუსამძიმრა.
ყაზახეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებს და ღონისძიებებს, ლევან დავითაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორი ლევან კანკავა და „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826