ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრობა დაფუძნებულია მრავალწლიან ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ასპექტები, რომელმაც კიდევ უფრო დინამიური უნდა გახადოს საქართველო-უზბეკეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული ინტერაქცია" - აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია უკვე წლების განმავლობაში მუშაობს და მის ფარგლებში მხარეები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ვაჭრობა, სატრანსპორტო საკითხები, ლოგისტიკა, სასაქონლო ტარიფები, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ. 2023 წლის 1 აპრილს ტაშკენტში გამართულ მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ შორის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ" და ხელი მოეწერა შეთანხმებას „,საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ."
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში, ლევან დავითაშვილთან ერთად, ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები- გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის," სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის" და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826