ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორს ჩვენს ეკონომიკაში 6.1%-იანი წილი უკავია და სრულიად რეალურია, რომ მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს - შოთა ბერეკაშვილი
მშენებლობისა და დეველოპმენტის სექტორებს ჯამურად საქართველოს ეკონომიკის 18% უკავიათ, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება უახლოეს 4-5 წელიწადში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის წილის გაორმაგების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ აღნიშნული იყო ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა, რომელიც დღეს გაიმართა და რომლის ერთ-ერთი მონაწილეც შოთა ბერეკაშვილი იყო.
„მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ ისეთ სექტორზე, როგორიც არის მშენებლობა და უძრავი ქონება, რომლებიც ჯამურად ჩვენი ეკონომიკის 18% შეადგენს. აღნიშნულ სექტორები ათიათასობით ადამიანს ასაქმებს და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნით გამოირჩევა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორების სტაბილური განვითარებისა და ზრდის პროცესი არ შეფერხდეს. ამ მხრივ, ფორუმი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, პირდაპირ ვესაუბროთ კერძო სექტორს, განვიხილოთ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები და ერთობლივად მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები, რათა აღნიშნული სექტორების განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს.
ამ პროცესს ორ ნაწილად დავყოფდი: ერთი მხრივ, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი გავლენა ეკონომიკაზე, ხოლო მეორე მხრივ — სამშენებლო და დეველოპერული პროექტები და მათი როლი ქვეყნის განვითარებაში.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქ პირველ რიგში უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია და ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ეს ოთხი მიმართულება ერთად ქმნის ერთიან, მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურულ სისტემას, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, წარმატებით შეასრულოს შუა დერეფანში დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი ფუნქცია და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო როლი“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა და გაიმყაროს პოზიციები რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ერთიანი და მულტიმოდალური ინფრასტრუქტურული სისტემის შექმნა ქვეყანას მისცემს კონკურენტულ უპირატესობას. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობასა და მათ შორის კონკურენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, საქართველო შეძლებს პოზიციონირდეს როგორც სტაბილური და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა. ეს საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს საქართველოს წილი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სავაჭრო და სატრანზიტო ნაკადებში. დღეს შუა დერეფანი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ნაკადების მხოლოდ დაახლოებით 2%-ს ატარებს, მაშინ როდესაც ორ ეკონომიკურ ცენტრს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 800 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ზრდის მყარ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი მიზანია, როგორც ქვეყნის, ისე მთლიანად შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო გაიზარდოს.
აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორს დღეს საქართველოს ეკონომიკაში 6.1%-იანი წილი უკავია და არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფონზე, მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის გაორმაგება სრულიად შესაძლებელია. ეს ქვეყანას დამატებითი შემოსავლების მიღების, საერთაშორისო კომერციული კავშირების გაფართოებისა და მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე აისახება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826