ლონდონში გამართული ფორუმი არის შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს - ლევან ვეფხვაძე
ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი განიხილეს. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს ეხებოდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბიზნესისთვის უაღრესად საინტერესო იყო აღნიშნული საინვესტიციო ფორუმი, მათ შორის, იმიტომაც, რომ მნიშვნელოვან ადგილას - ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიმართა.
„აქ საუბარია არამხოლოდ იმ კომპანიების წარმატებულ ბიზნეს გამოცდილებაზე, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე არიან წარმოდგენილები, ან ბრიტანეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია აქვთ ბიზნესის ნაწილში, არამედ საუბარია მომავალზეც - ამ ფორუმზე კომპანიები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ამით ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს" - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ლევან დავითაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826