Maersk-მა 2026 წლის ფინანსური პროგნოზი კვლავ გაზარდა
Maersk-მა 2026 წლის ფინანსური პროგნოზი კვლავ გაზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, გლობალური საკონტეინერო გადაზიდვებზე მოთხოვნა მდგრადი აღმოჩნდა.
სატვირთო გადაზიდვების ტარიფების მკვეთრმა ზრდამ, რასაც პორტების გადატვირთულობა და ჩინეთის ექსპორტის ძლიერი ზრდა განაპირობებდა, კომპანიას მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალი მოუტანა. მიღებულმა სარგებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი შეფერხებებით გამოწვეულ დამატებით ხარჯებს. ეს ეწინააღმდეგება იმ მოლოდინებს, რომ კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას რეცესიაში შეიყვანდა და საკონტეინერო გადაზიდვებზე მოთხოვნას შეამცირებდა.
კომპანია ახლა ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საბაზისო EBITDA 10.5-დან 12.5 მილიარდ დოლარამდე იქნება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 8-დან 10 მილიარდ დოლარამდე იყო. ამასთან, საბაზისო საოპერაციო მოგების პროგნოზი 4.5-დან 6.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, წინა პროგნოზით გათვალისწინებული 2-დან 4 მილიარდ დოლარამდე მაჩვენებლის ნაცვლად.
მეორე კვარტალში გლობალურ საკონტეინერო ვაჭრობაზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან სხვა რეგიონებში დაფიქსირებულმა ზრდამ ახლო აღმოსავლეთში იმპორტის 40%-იანი შემცირება სრულად გადაფარა. მოთხოვნის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ჩინეთის ექსპორტი იყო.
სხვა სიახლეები
SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს - ნათია თურნავა
24.11.2026.11:04
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში SWIFT-ის გენერალურ დირექტორს, ხავიერ პერეს-ტასოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
„SWIFT-თან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, ორგანიზაციის უშუალო ხელმძღვანელთან განგვეხილა რეგიონული თანამშრომლობისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი განმარტებით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციისა და საგარეო ფინანსური კავშირების გაძლიერებისთვის.
მისივე განცხადებით, SWIFT-ის ინტერესს წარმოადგენს, საქართველოს მოსახლეობასა და ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტიანი მომსახურება შესთავაზოს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ქართული საბანკო სისტემის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
„მათ აქვთ მზაობა, კიდევ უფრო უკეთ მოემსახურონ საქართველოს მოსახლეობასა და იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი საბანკო სისტემის მომხმარებლები არიან. სწორედ თანამშრომლობის ამ პერსპექტივებზე გვქონდა საუბარი", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მასშტაბი და საერთაშორისო წარმომადგენლობა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური მარეგულირებლებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.