მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება - იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა
მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება - 2025 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა. პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში კი 6.5% შეადგინა. რაც შეეხება ბოლო სამი თვის მაჩვენებლებს: ივლისში ეკონომიკური ზრდა 6.5%, აგვისტოში - 6.6%, ხოლო სექტემბერში 6.4%-ით განისაზღვრა.
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2025 წლის სექტემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,341 ერთეული შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებმა. ამასთან, იანვარ-სექტემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა - ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სამ კვარტალში ზრდის დინამიკა დაფიქსირდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც, კერძოდ, იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 3.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა - საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ინარჩუნებს. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედეს, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს. საქართველო საშუალო ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 25 ქვეყანაში შედის და უსწრებს როგორც ევროპის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ისე მეზობელ ქვეყნებსაც.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826