მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება, რასაც ხელს უწყობს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2025 წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში საშუალო ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა.
ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა სექტორულ ჭრილში ამჯერადაც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. კერძოდ, აგვისტოს თვეში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაცისა და კომუნიკაციების, განათლების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო მომსახურების და ენერგეტიკის სექტორებმა.
„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ტურიზმის, ასევე საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება ექსპორტის კუთხითაც, რომელიც 6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები (წლიური ზრდა - 3.8%).
ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მთავრობა ამ მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, მათ შორისაა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები.
„სახელმწიფო საწარმოებში მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა, რაც მოხმარდება უფრო პროდუქტიული პროექტების განხორციელებას. ეს პროცესი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას საშუალოვადიან პერიოდში", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826