მაღალკვალიფიციური ადგილობრივი სამუშაო ძალის ნაკლებობა - მასიმილიანო დ'ანტუონო საქართველოში იტალიური კომპანიების გამოწვევებზე
საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რასაც იტალიური კომპანიები საქართველოში აწყდებიან.
ელჩის განმარტებით, იტალიის საელჩო აქტიურად ეხმარება კომპანიებს და მათ აწვდიან უახლეს ეკონომიკურ და რეგულატორულ ინფორმაციას, ბაზრის ანალიტიკას და საწყის დონის რჩევებს ადგილობრივი ბიზნესპრაქტიკის შესახებ.
„იტალიური კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბაზარზე შესვლა, ხშირად ხაზს უსვამენ ადგილობრივი რეგულატორული და საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობის საჭიროებას და სანდო ადგილობრივი პარტნიორების შერჩევის მნიშვნელობას. დამატებით გამოწვევებად ხშირად მოიხსენიებენ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ ცნობიერებას, საგადასახადო და საბაჟო რეგულაციების უკეთ აღქმას. ასევე გამოწვევად აღიქმება ბიზნესკულტურაში განსხვავებები, მაღალკვალიფიციური ადგილობრივი სამუშაო ძალის ნაკლებობა, ხელშეკრულებების შესრულების საკითხები, დავების მოსაგვარებელი მექანიზმების ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა, აგრეთვე დეტალური, სექტორ-სპეციფიკური ბაზრის ინფორმაციის შეზღუდულობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც პირველად ცდილობენ საქართველოში ოპერირების დაწყებას.
ამ კონტექსტში, იტალიური ინსტიტუციური აქტორების არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რისკების შემსუბუქებაში. იტალიის საელჩო და სავაჭრო სააგენტოს ოფისი აქტიურად ეხმარებიან კომპანიებს, აწვდიან უახლეს ეკონომიკურ და რეგულატორულ ინფორმაციას, ბაზრის ანალიტიკას და პრაქტიკულ, საწყის დონის რჩევებს ადგილობრივი ბიზნესპრაქტიკის შესახებ. ისინი ამარტივებენ კომპანიებისათვის სამართლებრივი გარემოს აღქმას, პოტენციური პარტნიორების იდენტიფიკაციას და ადმინისტრაციული პროცედურების გავლას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის ნაკლებობას, ტრანზაქციული ხარჯებსა და ბაზარზე შესვლის რისკებს.
ეს ინსტიტუციური მხარდაჭერა ხელს უწყობს გამოწვევების მნიშვნელოვან შემცირებას, ქმნის უფრო პროგნოზირებად, გამჭვირვალე და მხარდამჭერ ბიზნესგარემოს იტალიური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში სავაჭრო და ინვესტიციური შესაძლებლობებს ეძებენ“, - აცხადებს ელჩი.
სხვა სიახლეები
რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა - ირაკლი ნადარეიშვილი
12.10.2026.16:11
„ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მდგრადობით და მიმზიდველობით, მათ შორის რეგიონის ჭრილში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის ფარგლებში ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთავრობა ძალიან აქტიურად ახორციელებს როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკულ ნაწილში სტარტაპების მხარდაჭერას, ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას, გლობალური ტექ კომპანიების მოზიდვას და სხვა.
„ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული იყო სტარტაპის სტატუსის შემოღებასთან, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, საგრანტო პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოსული უმსხვილესი აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალი განაპირობებს იმას, რომ რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, შედეგად, დღეს სახეზეა ტალანტის და სტარტაპების ძალიან პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში.
„საქართველოდან რეალურად მათ ძალიან ეფექტურად ეხსნებათ წვდომა დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ქსელებზე, მომხმარებლებზე და ასე შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.