„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება განახლდება
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტომ 8 ივლისს განაცხადები მიიღო. განხილვის შედეგად, იმ განმცხადებლებს, რომელთა განაცხადები პროგრამის კრიტერიუმებთან იყო შეუსაბამო უარი ეცნობათ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღებას გამოაცხადებს განმეორებით - მიმდინარე წლის 29 ივლისის 12:00 საათზე, ბიუჯეტის (2,7 მლნ ლარი) ამოწურვამდე.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნეს იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.
პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826