მაისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია - ეკატერინე მიქაბაძე
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მსოფლიო მასშტაბით ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მათ შორის საქართველოშიც. მაისის მონაცემებით, ფასების ზრდის ტემპი შედარებით შენელდა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.7% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძე განაცხადა.
მისი განმარტებით, ენერგორესურსების, განსაკუთრებით ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ საქართველოში საწვავის გაძვირება განაპირობა, რაც პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების შედეგად ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახა.
„ენერგორესურსების, კერძოდ ნავთობის ფასების გლობალური გაძვირებასაქართველოში საწვავის ფასებზე პირდაპირ აისახა. შედეგად, პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების გამო, აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, თუმცა მაისში ინფლაცია შემცირდა - ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მაისში 5.7%-მდე დაიკლო, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან და მოლოდინებთან", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში, 2027 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის (3%) გარშემო დასტაბილურდება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურ დონეზე შენარჩუნების მიზნით მონეტარული პოლიტიკა ზომიერად გაამკაცრა. ინფლაციის სამომავლო დინამიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონფლიქტის ხანგრძლივობასა და სიმწვავეზე, თუმცა დღეს არსებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში, ინფლაციაც თანდათან შემცირდება და 2027 წელს მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, რაც აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
სხვა სიახლეები
აგვისტოში „გარდაბანი 2“ გაჩერებული იყო გეგმიური რემონტის გამო - Galt & Taggart
06.10.2026.15:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.