მაისში ინფლაცია შესაძლოა, კიდევ შენელდეს - გალტ & თაგარტის ეკონომისტი
გალტ & თაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე Business Insider Georgia-თან აპრილში წლიური ინფლაციის 2,7%-მდე შემცირებაზე საუბრობს. მისი პროგნოზით, ინფლაცია შესაძლოა მაისში კიდევ უფრო შენელდეს და 2%-ს ჩამოცდეს.
„ინფლაცია აპრილში მოსალოდნელზე მეტად იყო შენელებული და 2,7% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ზოგადად 2,7%-იან ინფლაციაზე გავლენა აქვს ლარის გაცვლით კურსს, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და როდესაც ლარი მყარდება, შესაბამისად იმპორტირებული პროდუქცია იაფდება. ეს უკვე ასახულია მთლიან ინფლაციაში.
მეორე ფაქტორი რაც მოქმედებს ინფლაციის შემცირებაზე, ეს არის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც კარგახანია გამკაცრებულია. ამას ემატება იმას, რომ როდესაც აშშ-ის ფედერალური სისტემა ამკაცრებს პოლიტიკას, ეს საქართელოზეც ახდენს გავლენას. ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აქვს და ამასაც დადებითი ეფექტი აქვს“, - ამობბს ქავთარაძე.
მისივე თქმით, მაისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სებ-მა სულ მცირე 0,5 პროცენტული პუნქტით შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, „რადგან თუ შემდეგ თვეებში თვე თვესთან დეფლაცია კიდევ დაფიქსირდა, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია, წლის ბოლოსკენ უარყოფით გახდეს და ამ ფაქტორმა ფასების რყევა გამოიწვიოს“.
ამასთან, გალტ & თაგარტის ეკონომისტი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული განაკვეთოს 1-1,5 პროცენტული პუნქტით შემცირების საშუალება აქვს.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% შეადგენს და ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება 10 მაისს უნდა მიიღოს.
რაც შეეხება ინფლაციას, აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის შედეგად, აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826