მაისში საავტომობილო საწვავის საცალო ფასები უნდა შემცირდეს - GCCA
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ბენზინსა და დიზელზე, იანვარში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება.
„იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა.
იანვრის თვეში, თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს.
ფასის შემცირება თებერვალ-მარტის თვეში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. ამ მიმართულებითაც არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების კონკრეტული მარკის საწვავზე თვითღირებულება არ შემცირებულა, თუმცა ყველა კომპანიის მიერ ფასი შემცირდა, პრაქტიკულად, ერთ პერიოდში. კერძოდ, 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ბენზინზე ფასი მსხვილი კომპანიების სეგენტში 7-10 თეთრით, დიზელზე 8-10 თეთრით, მცირე კომპანიების სეგმენტში ბენზინზე 15-20 თეთრით, დიზელზე 30-40 თეთრით არის შემცირებული“, - განმარტავენ GCCA-ში.
მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს - ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.
„ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10%-ით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს.
2024 წელს, ქვეყანაში 1 668 280 000 ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. 3 მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია. ამავე პერიოდში, საცალო ბაზარზე 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34% შეადგენს“, - აღნიშნულია GCCA-ს კვლევაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826