მალე ახალი პროექტების დაანონსებას შევძლებთ - მიხეილ ხიდურელი საინვესტიციო ფორუმის შემდეგ
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმზე AIM2023 მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ეკონომიკური გარემო გააცნო.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.
შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სექტორის ინვესტორთან, რომელთანაც განხილული იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სასტუმროებისა და უძრავი ქონების კუთხით.
მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტო აქტიურად ცდილობს კიდევ უფრო განავითაროს საინვესტიციო ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„იქიდან გამომდინარე, რომ არაბერთის გაერთიანებულ საამიროებთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკურად ჩვენ მუდმივად ვცდილობთთ, შევხვდეთ ჩვენს პარტნიორებს და განვიხილოთ სხვადასხვა პროექტები. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მოიტანს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ძალიან მალე ახალი პროექტების დაანონსებას შევძლებთ საქართველოში", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს, თუ რამხელა უპირატესობები არის საქართველოში განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღეს ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
AIM-ის ფორუმი წელს მეთორმეტედ გაიმართა და მას 20 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826