მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, ტურიზმის მსოფლიო ლიდერებთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული ინდუსტრიის გლობალური განვითარება. ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობით, როგორ უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რათა გაძლიერდეს ტურიზმში განათლების, დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებები.
ამავდროულად გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტურიზმის ლიდერებისთვის გაგვეცნო ის წარმატებული შედეგები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის აღდგენის დინამიკის კუთხით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 118-ე სხდომაში მონაწილეობს.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე 40-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო, ადმინისტრაცია და ორგანიზაციაა წარდგენილი.
118-ე სხდომა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.
საქართველოს დელეგაციამ სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიებში. ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან და ხელმძღვანელ პირებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრები გაიმართა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სესიის ფარგლებში „ტურიზმის განახლებული ხედვები" დისკუსია გაიმართა ტურიზმის სექტორში ინოვაციური კონცეფციების განვითარებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იდეები მიაწოდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია სფეროს პროფესიონალებთან, რა ტიპის მხარდაჭერა უნდა გაუწიონ ტურიზმის ორგანიზაციებსა და სექტორს ტურისტული მიმართულებების განვითარების, საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებისა და გაზრდილი ტექნოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
სესიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა ქვეყნის ტურისტული ბრენდის განახლების, სწორი პოზიციონირების, ადაპტირებისა და ციფრული კომუნიკაციების დახვეწის შესახებ ისაუბრეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826