მარიამ ქვრივიშვილი ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია.
აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ტურიზმის სფეროში სწრაფად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს რეგულარული ფრენების დაწყება ლიეტუვიდან თბილისის მიმართულებითაც.
მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, სადაც რეგულარულად ხორციელდება მარკეტინგული აქტივობები. „ჩვენ გვაქვს ლიეტუვასთან ტურისტული ნაკადების აღდგენის კარგი დინამიკა. ამ ტენდენციის გაგრძელების მიზნით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც ფრენების სიხშირეები, ასევე გაიხსნას რეისები ახალი მიმართულებებით. ამ მხრივ აქტივობის ზრდა ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ მივესალმებით ლიეტუველ ვიზიტორებს საქართველოში და მოხარული ვიქნებით, თუკი ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა დაინიშნება," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის ზრდა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826