მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გააცნო
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გააცნო
„მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო სტრატეგია თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვებთან" – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ტურიზმის, სამთო კურორტებისა და ავიაციის სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრაზე მაია ომიაძემ 2023 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მომავალი გეგმები გააცნო.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ჩვენ შევაჯამეთ 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია, კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ საერთო აქტივობები, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტები. ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ვიმსჯელეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი და კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან",-განაცხადა სასტუმრო Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ის წარმომადგენელმა ალექსანდრა პოპსუევამ.
ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით, ახალი ავაირეისების დანიშვნითა და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826